გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს არმიის მინისტრის, დენიელ დრისკოლის თქმით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ამერიკის არმია, სულ მცირე, ერთი მილიონი დრონის შესყიდვას აპირებს, რის შემდეგაც აშშ-მ შესაძლოა, ყოველწლიურად ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე დრონის შესყიდვა დაიწყოს.

Reuters-თან ინტერვიუში დრისკოლმა დრონების მასშტაბურად შესყიდვის თაობაზე აშშ-ს არმიის გეგმებზე ისაუბრა და აღიარა არსებული გამოწვევები იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით აშშ-ს არმია ყოველწლიურად მხოლოდ 50 000 დრონს აწარმოებს.

დენიელ დრისკოლმა და ამერიკული სამხედრო კვლევითი და სამრეწველო ობიექტის, პიკატინის არსენალის, გავლენიანმა მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ჯონ რიმმა Reuters-ს განუცხადეს, რომ აშშ გაკვეთილებს რუსეთ-უკრაინის ომიდან იღებს.

დრისკოლის თქმით, უკრაინა და რუსეთი, ყოველწლიურად 4-4 მილიონ დრონს აწარმოებენ, ხოლო ჩინეთს, სავარაუდოდ, ორჯერ მეტის წარმოების უნარი გააჩნია. მან დაამატა, რომ ამჟამად აშშ-ს პრიორიტეტია, ისეთ პოზიციაში იყოს, რომ ნებისმიერი სამომავლო ომისთვის საკმარისი დრონების წარმოება შეეძლოს.

"ჩვენ მომდევნო ორი ან სამი წლის განმავლობაში, სულ მცირე, მილიონი დრონის შესყიდვას მოველით," აღნიშნა დრისკოლმა.

"და ჩვენი მოლოდინია, რომ დღეიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ, გვეცოდინება, რომ კონფლიქტის მომენტში ჩვენ შეგვეძლება მიწოდების ჯაჭვის გააქტიურება, რომელიც საკმარისად მტკიცე და სიღრმისეულია, რათა გავააქტიუროთ იმდენი დრონის წარმოება, რამდენიც დაგვჭირდება." დაამატა მან.

აშშ-ს არმიის მინისტრის თქმით, მას სურს, ფუნდამენტურად შეცვალოს დრონების მიმართ დამოკიდებულება, რათა დრონი გამოყენებად საბრძოლო მასალად განიხილებოდეს და არა - "დახვეწილ" აღჭურვილობად. 

tabula.ge