ევროკავშირის კანონმდებლებმა სამშაბათს მწვანე სინათლე აუნთეს კოსოვოს მოქალაქეებს, რომლებიც მომავალი წლიდან ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

 


ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ კოსოვოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში ყოველ ექვს თვეში 90 დღით უპასპორტოდ შესვლის უფლება ექნებათ. შენგენის ზონაში შედის 27 ქვეყანა, მათ უმრავლესობას ევროკავშირის წევრები წარმოადგენენ, მასში შედიან ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

 


შენგენის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც ასევე შეძლებენ კოსოვოში უვიზოდ მგზავრობას.

 


წინათ სერბეთის შემადგენლობაში შემავალი კოსოვო აქამდე იყო დასავლეთ ბალკანეთის უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან არ ჰქონდა სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი.

ნიდერლანდელმა დეპუტატმა ტიის როტენმა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პროცესს ევროპარლამენტში, თქვა, რომ ეს ნაბიჯი „კოსოვოს მოქალაქეებს ბოლოს და ბოლოს მისცემს საშუალებას, იოლად იმოგზაურონ, მოინახულონ ნათესავები და ბიზნესი აწარმოონ ევროკავშირში“.

 


მაგრამ, მისი თქმით, ეს უფრო მეტია, „ეს ნიშანსვეტი ასევე არის მნიშვნელოვანი საძირკველი მომავლისთვის და ევროკავშირსა და კოსოვოს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.“

 


კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და საკუთარი კანონები თანდათან შესაბამისობაში მოჰყავს ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

 


უვიზო რეჟიმი ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი ამოქმედდება ევროკავშირის ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემა და არაუგვიანეს 2024 წლისა.