ევროპარლამენტმა გაერთიანების ქვეყნების მთავრობებს საჯარო მოხელეებისთვის TikTok-ის გამოყენების აკრძალვისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ, Politico იუწყება.
ხუთშაბათს, ევროპარლამენტარებმა მიიღეს ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავს შეაჩეროს უცხოური მთავრობების ჩარევა კონტინენტის პოლიტიკაში დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გზით.
თავიანთ რეკომენდაციებში კანონმდებლებმა მოუწოდეს ყველა ეროვნულ მთავრობას შეუერთდნენ შეზღუდვებს, რომლებიც ევროკავშირმა, მთელმა რიგმა დედაქალაქებმა და ევროპის გარეთ დასავლეთის ქვეყნებმა უკვე დააწესეს ჩინური სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის გამოყენებაზე.
ვიდეოს გაზიარების აპლიკაციას, რომელიც მოზარდებს მთელ მსოფლიოში უყვართ, დასავლური სადაზვერვო სააგენტოები ჯაშუშობის ხელშეწყობაში, პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვაში და ახალგაზრდების გარყვნაში ადანაშაულებენ.
TikTok არ იყო ერთადერთი კომპანია, რომელიც შემოწმდა; კანონმდებლებმა ასევე მოუწოდეს ევროკავშირის საბჭოს და ევროკომისიას, გამორიცხონ ჩინური და რუსული ტექნოლოგიური კომპანიების Huawei, ZTE და Kaspersky, ისევე როგორც რუსული სახის ამომცნობი კომპანია NtechLab გამოყენება.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის ორგანომ TikTok დააჯარიმა 12,7 მილიონი ფუნტით (15,88 მილიონი აშშ დოლარი) მონაცემთა დაცვის კანონის მრავალი დარღვევისთვის, მათ შორის 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური მონაცემების მშობლის თანხმობის გარეშე გამოყენებისთვის.