ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ყველა იმ წამყვანი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს დემოკრატიულ უკანდახევაში. მოვუწოდებთ საბჭოს და კომისიას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დააწესონ ცალმხრივი ინდივიდუალური სანქციები, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების, სერგეი ლაგოდინსკის, რასა იუკნევიჩიენეს, ნატალი ლუაზოს, მიხალ შტერბას, ტობიას კრემარის, რეინეიარ ვან ლანშს-ჰოტისა და ბერნარ გუეტას ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს მიმართავენ.
განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ „საქართველოში იმყოფებოდნენ, რათა გამოეხატათ მორალური, პოლიტიკური მხარდაჭერა ზურაბიშვილის მიმართ, დემოკრატიული ოპოზიციისა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“.
„ჩვენ ვესტუმრეთ თბილისს 2024 წლის 12 დეკემბერს, რათა გამოგვეხატა მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნის პროევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენ შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რომლებმაც ნათელი მოჰფინეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ სასტიკი რეპრესიების შესახებ.
საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზეა. მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხეშია. ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის კონსტიტუციური ვალდებულება მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეაფერხა, უღალატა ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველების დიდი უმრავლესობა. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, რათა გამოვხატოთ მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ, დემოკრატიული ოპოზიციისა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მათი ბრძოლა ნამდვილად დიდი ბრძოლაა. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. მხარს ვუჭერთ საჯარო მოხელეთა დიდ და მზარდ რაოდენობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებებს, დატოვეს თანამდებობები და შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, რათა იბრძოლონ დემოკრატიისთვის საკუთარი კარიერისა და საარსებო წყაროს საფრთხის ქვეშ დაყენებით, ისევე როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ სამართლიანობისთვის მუშაობას, როგორიცაა სახალხო დამცველი. საპროტესტო აქციებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიცვა, ხალხით სავსეა დედაქალაქის ქუჩები, ქალაქები და სოფლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ევროპარლამენტს და ჩვენს წევრ ქვეყნებს დავუბრუნდებით დრამატული გზავნილით, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩვენი მტკიცე რწმენაა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს აღიარებული. ახალი პარლამენტის ინაუგურაცია საქართველოში დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით მოხდა. ასეთ კონტექსტში ახალი პრეზიდენტის არჩევას არ ექნება ლეგიტიმაცია. მეტიც, მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების დონე უპრეცედენტო და მიუღებელია.
ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ყველა იმ წამყვანი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს დემოკრატიულ უკანდახევაში, არჩევნების დროს უხეშ დარღვევებსა და ასობით მშვიდობიან მომიტინგეზე სასტიკ ძალადობაში. ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და კომისიას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დააწესონ ცალმხრივი ინდივიდუალური სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარების განცხადებაში ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ლიდერები უნდა ეწვიონ საქართველოს სოლიდარობის დემონსტრირებისთვის.
„ევროკავშირის ლიდერები უნდა ეწვიონ საქართველოს სოლიდარობის დემონსტრირებისთვის და თავი შეიკავონ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრისგან, ხოლო კომისიამ და წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოყონ სასწრაფო დაფინანსება დამოუკიდებელი ქართული მედიისთვის, განიხილონ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოს ევროკავშირში მომავლის საკითხებში. შემდგომი ეკონომიკური სანქციების განხილვა უნდა მოხდეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. როგორც ჩვენი ბოლო რეზოლუციებიდან ჩანს, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით. ჩვენ ველით, რომ ევროკავშირის ყველა სხვა ინსტიტუტი და წევრი სახელმწიფო მიჰყვება მას. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გადაწყდეს ახალი არჩევნების გზით, რომელიც ჩატარდება ერთი წლის განმავლობაში, პროცესით, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. ჩვენ მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ყველა დაკავებული მომიტინგის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, წამების შეწყვეტას და დამოუკიდებელი მედიის, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების შევიწროების შეწყვეტას. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.