აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობების ფარგლებში მოხდება, რათა მადლიერების დღისთვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.
„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ამჟამად ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ არსებობს და არც რუსეთთან ან რუსეთში არ არის მოლაპარაკებები დაგეგმილი.
ამასთან, მედია იუწყება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს აშშ-ის არმიის მდივნის, დენ დრისკოლის რუსეთში გამგზავრება ან სხვაგან რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა. ამავე დროს, მედია წერს, რომ ჯერ მსგავსი არაფერი იგეგმება.