ევროკომისიამ მოლდოვას რეფორმისა და ზრდის მექანიზმის ფარგლებში დამატებით 18,9 მილიონი ევრო გამოუყო.

ევროკომისიის განცხადებით, ეს არის მოლდოვის რეფორმების გზისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ, მოლდოვის მიერ რეფორმებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ევროკავშირი მოუწოდებს ბიზნესს, ჩადონ ინვესტიციები მოლდოვაში.

„მოლდოვა აგრძელებს რეფორმების დღის წესრიგის შესრულებას და ევროპული გზისადმი ერთგულების დემონსტრირებას. ძალიან მიხარია, რომ ვხედავ რეფორმების პროგრესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ელექტროენერგიის უსაფრთხოება. მოლდოვის ეკონომიკურ ზრდაში ინვესტირება ევროპულ ინტეგრაციაში ინვესტიციაა, რადგან ძლიერი მოლდოვა ხელს უწყობს უფრო ძლიერ ევროპას. ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ყოველ ნაბიჯზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ცნობით, თანხის გამოყოფა მოხდა მოლდოვის მიერ რეფორმების ოთხი ინდიკატორის შესრულების შეფასების შემდეგ. კერძოდ, საუბარია ისეთ მიღწევებზე, როგორებიცაა ელექტროენერგიისა და გაზის ღია და კონკურენტული ბაზრების განვითარება, ასევე ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები.

მანამდე, მიმდინარე წელს ევროკომისიამ მოლდოვას გამოუყო 270 მილიონი ევრო. სულ მოლდოვამ გრანტებისა და სესხების სახით 2025-2027 წლებში ევროკავშირის რეფორმის და ზრდის მექანიზმის ფარგლებში 1,9 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს.

პირველი არხი