ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსისთვის სანქციების უცვლელად, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.

სანქციები ძალაში რჩება სრული მოცულობით, მათ შორის, ბელარუსულ კალიუმის სასუქებზე - პროდუქციაზე, რომლის ირგვლივ ბოლო თვეებში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

ავტორიტარული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები შიდა რეპრესიების, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში კრემლისთვის აქტიური მხარდაჭერისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული თავდასხმების გამო დაწესდა.

„ბელარუსის ხელისუფლების პოლიტიკა არ იცვლება: გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების დევნა, ბელარუსი და უცხოელი მოქალაქეები მძევლებად აჰყავთ და აბსურდული მიზეზებით აპატიმრებენ, ხოლო ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ ხდება ახალი ჰიბრიდული თავდასხმების ორგანიზება“, - ნათქვამია სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

„ბელარუსის ტერიტორიას მოსკოვი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს - იქ მკურნალობენ რუს ჯარისკაცებს, იდეოლოგიურად ამუშავებენ უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს, სამხედრო ინფრასტრუქტურა კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლისთვის გამოიყენება“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბუდრისის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოაჩენს ბრიუსელის მზაობას, შეინარჩუნოს ზეწოლა მთავრობაზე, რომელიც სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებზეა პასუხისმგებელი.

ამჟამად სანქციები ვრცელდება ბელარუსის 312 ფიზიკურ პირსა და 57 კომპანიასა თუ ორგანიზაციაზე. მათი აქტივები ევროკავშირში გაყინულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და ბიზნესებს მათთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო სანქცირებულთა სიაში შეყვანილ პირებს - ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ასევე მოქმედებს უფრო ფართო ეკონომიკური ხასიათის სანქციები, რომლებიც ვაჭრობის, ფინანსების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებს ეხება და მიზნად ისახავს ბელარუსის ხელისუფლების შემოსავლების შემცირებას და სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთას.

დეკემბრის შუა რიცხვებში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა ლუკაშენკოს ადმინისტრაციასთან მიაღწია შეთანხმებას ზოგიერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და აშშ-ის მიერ ბელარუსული კალიუმის სასუქებზე სანქციების მოხსნის საკითხებზე.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირსა და ლიეტუვაზე, რათა კლაიპედას პორტის გავლით სასუქების ტრანზიტი განახლდეს.

ბელარუსული სასუქების გიგანტის, „ბელარუსკალის“ მიერ წარმოებული კალიუმის ლიეტუვისა და კლაიპედას პორტის გავლით ტრანსპორტირება 2022 წლის თებერვლამდე ხორციელდებოდა, სანამ ლიეტუვამ, აშშ-ის სანქციებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მოშველიებით, გადაზიდვები არ შეაჩერა.

გასული წლის დეკემბერში, „ბელარუსკალმა“ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა და ზიანის ანაზღაურების სახით, ლიეტუვისგან 12.09 მილიარდი დოლარის გადახდა მოითხოვა.

მოგვიანებით, ევროკავშირმა ბელარუსულ კალიუმის სასუქებზე თავისი სანქციები დააწესა. მათი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას ბრიუსელი ამ თვის ბოლოს მიიღებს.

წყარო: 1 არხი