ევროკავშირი დაუყოვნებლივ გააგრძელებს გაერო-ს და ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ადრე მოხსნილი სანქციის ხელახლა დაწესებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

კალასი განმარტავს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ხელახლა დააწესა ირანის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ყველა სანქცია და შეზღუდვა, რომლებიც გაუქმდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის შესაბამისად, რომლითაც დამტკიცდა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPoA).

კალასის განცხადებით, სანქციების დაწესება მოჰყვა საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს (E3) მიერ snap back-ის მექანიზმის ამოქმედებას, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭო 28 აგვისტოს აცნობეს ირანის მიერ JCPoA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი შეუსრულებლობის შესახებ.

„როგორც JCPoA-ს ერთობლივი კომისიის კოორდინატორმა, მე, E3-თან და ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა განვახორციელე ირანთან snap back-ის პროცესში გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის განმავლობაში, რამაც, სამწუხაროდ, არ გამოიწვია UNSCR 2231 რეზოლუციის შესაძლო გაგრძელების პირობების შექმნა. შესაბამისად, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გააგრძელებს გაერო-ს და ევროკავშირის მიერ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ადრე მოხსნილი სანქციის ხელახლა დაწესებას“, - წერს კალასი.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ სანქციებისა და ბირთვული შეზღუდვების აღდგენა არ უნდა იყოს ირანთან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიის დასასრული, რომელიც რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება.

„ევროკავშირის პოზიციაა, რომ ირანის ბირთვული საკითხის მდგრადი გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით შეიძლება. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც დღეს ძალაში დაბრუნდა, გავაგრძელებ თანამშრომლობას ყველა შესაბამის მხარესთან, მათ შორის ირანთან, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მოსაძებნად პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად. ამ კონტექსტში, მოვუწოდებ ირანს, დაუყოვნებლივ სრულად განაახლოს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით (NPT) და მისი სავალდებულო ყოვლისმომცველი უსაფრთხოების შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად“, - წერს კალასი.

interpressnews.ge