ევროკომისიის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ენერგოტევად ინდუსტრიას მიეცემა, რათა დააბალანსონ ევროკავშირის ემისიების წესებთან შესაბამისობის ხარჯები. ამ ნაბიჯით ბრიუსელი ცდილობს, კომპანიების მიერ წარმოების ბლოკის ფარგლებს გარეთ გატანა თავიდან აიცილოს.
ინდუსტრიული სექტორისა და ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ზეწოლის ფონზე, ევროკავშირმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შემსუბუქების კურსი აიღო, რათა ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.
დამტკიცებული ცვლილებებით, რბილდება ე.წ. სახელმწიფო დახმარების წესები. ეს წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემთ, ინდუსტრიებს ელექტროენერგიის გაძვირებული გადასახადების ნაწილი აუნაზღაურონ იმ ფონზე, რომ ელექტროენერგიის ფასის ზრდა, თავის მხრივ, ნახშირბადის ფასებით გამოწვეულმა ელექტროენერგიის წარმოების დამატებითმა ხარჯებმა განაპირობა.
კომისიის განმარტებით, ახალმა სახელმძღვანელო პრინციპებმა ხელი უნდა შეუწყოს "ნახშირბადის გაჟონვის" პრევენციას. ეს მაშინ ხდება, როდესაც კომპანიები წარმოებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ემისიების უფრო სუსტი შეზღუდვების მქონე ქვეყნებში გადააქვთ ან როდესაც ევროკავშირის პროდუქტები უფრო ნახშირბადინტენსიური იმპორტით იცვლება.
ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) ფარგლებში სუბსიდიის მისაღებად დასაშვები სექტორების სიას 20 ახალი დარგი დაემატა. მათ შორისაა ორგანული ქიმიკატების წარმოება, ასევე კერამიკის, მინისა და ელემენტების (ბატარეების) სექტორის გარკვეული მიმართულებები.
ევროკომისიის განცხადებით, სიის გაფართოება აუცილებელი გახდა, რადგან ბოლო წლებში ემისიების ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა, რამაც "ნახშირბადის გაჟონვის" რისკის წინაშე იმაზე მეტი სექტორი დააყენა, ვიდრე ეს მანამდე იყო მოსალოდნელი.
წყარო: bm.ge