ევრო 7-ის გამონაბოლქვის რეგულაციები 2025 წელს ამოქმედდება, მაგრამ  მკაცრი წესების მიმართ მზარდი წინააღმდეგობაა, რამაც შეიძლება მათი გადადება ან გადახედვა გამოიწვიოს. ამის შესახებ Reuters წერს.

ამჯერად შეშფოთებას არა კონკრეტული ლობისტური ჯგუფები ან ავტომწარმოებლები, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოთქვამს, რომლებიც შეზღუდვებს არარეალურად მიიჩნევენ.

საუბარია 8 ქვეყანაზე, რაც ევროკავშირის 27 წევრის თითქმის მესამედია. Reuters იუწყება, რომ საფრანგეთმა, იტალიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც გამონაბოლქვის ყოველგვარ ახალ რეგულაციებს, ასევე მანქანებისა და ფურგონების ტესტირების ახალ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. წერილი ევროკავშირის ქვეყნებს გაეგზავნათ და შესაძლოა ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ იყოს. ამ 8 ქვეყანას ექნება საკმარისი ხმები წინადადების დასაბლოკად, წერს Reuters.