ესტონეთმა ევროკავშირის SAFE თავდაცვის ინსტრუმენტის ფარგლებში პირველი, 351.6 მილიონი ევროს ოდენობის გადახდა მიიღო. თანხა ქვეყნისთვის ამ მექანიზმით გათვალისწინებული 2.3 მილიარდი ევროს დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
ევროკომისიის განცხადებით, დაფინანსება ესტონეთს პრიორიტეტული თავდაცვითი ინვესტიციების დაჩქარებაში, სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებასა და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარება.
SAFE, Security Action for Europe, ევროკავშირის 150 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური ინსტრუმენტია. პროგრამა წევრ სახელმწიფოებს გრძელვადიან სესხებს აძლევს თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისა და ერთობლივი შესყიდვების დასაფინანსებლად. ძირითადი მიმართულებებია საბრძოლო მასალა, რაკეტები, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, სახმელეთო საბრძოლო ტექნიკა, დრონები, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო მობილობა.
SAFE ევროკომისიის ReArm Europe/Readiness 2030 გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი თავდაცვის მიმართულებით 800 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის მობილიზებას გეგმავს. აქედან 150 მილიარდი ევრო სწორედ SAFE-ის სესხებზე მოდის, ხოლო დაახლოებით 650 მილიარდი ევროს დამატებითი ფისკალური სივრცე წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების ზრდისთვისაა გათვალისწინებული.
SAFE-ის ფარგლებში დაფინანსება ეროვნულ გეგმებს ეფუძნება და ძირითადად ერთობლივ შესყიდვებს ემსახურება. პროგრამაში შესყიდვების პარტნიორებად შესაძლოა ჩაერთონ უკრაინა და ევროკავშირის გარკვეული პარტნიორი ქვეყნებიც, თუმცა SAFE-ის სესხების მიღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ.
წყაროები:
https://www.consilium.europa.eu/en/policies/safe/
https://commission.europa.eu/topics/defence/future-european-defence_en