„თუ საქართველოდან გარკვეული ტვირთებისა და ავტომობილების გატარება შეფერხდება, ამით შესაძლოა, სწორედ ზანგეზურის დერეფანმა ისარგებლოს” - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, თურქეთის საბაჟოზე ქართველ ავტოიმპორტიორებს პრობლემები ექმნებათ, რის გამოც მათ ნაწილს მსუბუქი ავტომობილების შემოსაყვანად ალტერნატიული მარშრუტის გამოყენება უწევს.
ამასთანავე, ნონიაძე აღნიშნავს, რომ თუ ადრე შეზღუდვები ძირითადად სატვირთო ავტომობილებს ეხებოდა, ახლა პრობლემები უკვე მსუბუქ ავტომობილებზეც ვრცელდება. საქმე ეხება დამატებით პროცედურებს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს.
„ამ ეტაპზე ამ პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ. მივმართავ ყველა ავტოიმპორტიორსა და დილერს, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნა, მოგვმართოს. გვინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მივმართოთ, რათა შემდეგ თურქულ მხარესთან ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია დაიწყოს. ასევე აქტიურ კონტაქტზე ვართ საქართველოს საკონსულოსთან თურქეთში. თუმცა, როგორც სამინისტრო, ისე საკონსულო კონკრეტულ შემთხვევებს ითხოვენ, რათა საკითხზე რეაგირება შეძლონ.
ქართველ დილერებს საზღვარზე პრობლემები ექმნებათ. ადრე გარკვეული შეზღუდვები სატვირთო ავტომობილებთან დაკავშირებით იყო - ითხოვდნენ დამატებით გადასახადებს, დეკლარაციების შევსებას და სხვა პროცედურებს. ახლა უკვე მსუბუქ ავტომობილებსაც აღარ ატარებენ. ბევრი იძულებულია უკან მიბრუნდეს და ავტომობილები ბულგარეთიდან ბორანის საშუალებით შემოიყვანოს. ეს, ბუნებრივია, ავტომობილის თვითღირებულებას ზრდის.
არ მინდა შეთქმულების თეორიებში შევიდე, თუმცა თუ ეს ერთი მებაჟის გადაწყვეტილება არ არის და თურქული მხარის პოლიტიკაა, მაშინ გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინ ზანგეზურის დერეფნის საკითხი დგას. საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო დერეფანი მის ალტერნატივად განიხილება. თუ საქართველოდან გარკვეული ტვირთებისა და ავტომობილების გატარება შეფერხდება, ამით შესაძლოა, სწორედ ზანგეზურის დერეფანმა ისარგებლოს.
თუ ეს პრობლემები გაგრძელდება და გრძელვადიან პოლიტიკად გადაიქცევა, არ არის გამორიცხული, რომ რაც საქართველოს პორტებიდან ან სახმელეთო გზით შემოდის და შემდეგ ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეში, ყირგიზეთში გადის, მერე უკვე ზანგეზურის ბენეფიციარები გახდნენ“, - განაცხადა ალექსი ნონიძემ.