აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი სამხედრო ინდუსტრიის კომპანიებს იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების მკვეთრად დაჩქარებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება ამერიკული მარაგების შევსების საჭიროებას უკავშირდება, რომელზეც ბოლო წლების სამხედრო კონფლიქტებმა მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, სტივ ფაინბერგმა, მსხვილ თავდაცვის კომპანიებს 5 აგვისტოს გაგზავნილ მემორანდუმში 21 დღე მისცა, რათა წარმოადგინონ გეგმები, როგორ შეძლებენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების უფრო სწრაფად წარმოებასა და მიწოდებას. დოკუმენტში კომპანიებს ასევე სთხოვენ, დაასახელონ საჭირო ინვესტიციები, საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების შესაძლებლობები და ის მხარდაჭერა, რომელიც ამისთვის პენტაგონისგან დასჭირდებათ.
პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის განცხადებით, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საბრძოლო მასალის შესყიდვის ზრდაზე, რათა შეიარაღებული ძალები საჭირო სისტემებით იმ ტემპში მომარაგდეს, რომელსაც არსებული საფრთხეები მოითხოვს. მიღებული წინადადებები 2028 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც იქნება გათვალისწინებული.
აშშ განსაკუთრებით ცდილობს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მარაგების შევსებას. ამ მიმართულებით მოთხოვნა გაზრდილია Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის ჩამჭრელ რაკეტებზე და სხვა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალაზე. წარმოების სწრაფ ზრდას კი ართულებს გრძელი საწარმოო ციკლები, შეზღუდული სიმძლავრეები და მიწოდების ჯაჭვებში არსებული შეფერხებები.
აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან სამხედრო წარმოების დაჩქარების მოთხოვნა უკვე რამდენიმე თვეა იზრდება. ივლისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელებს საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებისა და იარაღის უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდა.
წყაროები:
https://apnews.com/article/c98e042bfd0fd22cd97d15b1fffa322c