2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან 3.75 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 90%-ით ნაკლებია. 2025 წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 37.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ექსპორტის მკვეთრი კლება თითქმის მთლიანად ყირგიზეთის ბაზარზე მიწოდების შემცირებას უკავშირდება. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყირგიზეთში 34.59 მილიონი დოლარის თამბაქოს ნაწარმი გავიდა და ამ ქვეყანაზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 92% მოდიოდა. 2026 წლის იმავე პერიოდში ყირგიზეთში ექსპორტი მხოლოდ 238 ათას დოლარამდე შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ძირითადი საექსპორტო მიმართულებები არაბთა გაერთიანებული საამიროები და ირანი გახდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის ღირებულებამ 2.11 მილიონი დოლარი შეადგინა, ირანში კი 1.16 მილიონი დოლარი. ამ ორ ბაზარზე ჯამურად თამბაქოს ექსპორტის 87%-ზე მეტი მოდიოდა.

2026 წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული თამბაქოს ნაწარმის ფიზიკურმა მოცულობამ 259.5 ტონა შეადგინა. ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის ღირებულება კი მხოლოდ 165.7 ათასი დოლარი იყო, რაც მიუთითებს, რომ საერთო მაჩვენებელში კვლავ რეექსპორტი დომინირებს.

შედარებისთვის, 2025 წლის მთლიან პერიოდში საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის ექსპორტმა 44.08 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს მაჩვენებელი 76.79 მილიონ დოლარს აღწევდა და ბოლო წლების მაქსიმუმი იყო.