დეკემბერში, ზღვისპირა ქალაქ პიარნუში, ესტონელმა მებაჟეებმა ბელარუსული კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია (130 000 ღერი) ამოიღეს.
ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის პრეს-რელიზის თანახმად, კონტრაბანდული სიგარეტი 19 დეკემბერს იმ ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც ლიეტუვის 31 წლის მოქალაქე მართავდა.
მძღოლის თქმით, ის ტალინში მეგობართან შესახვედრად მიდიოდა. სატრანსპორტო საშუალების დეტალური შემოწმების შემდეგ, მებაჟეებმა მიაგნეს სამალავებს, რომლებიც კონტრაბანდული სიგარეტის გადასატანად გამოიყენებოდა.
მძღოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აღიძრა და ის ეჭვმიტანილის სახით დააკავეს.
საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია სიგარეტის კონტრაბანდის კიდევ ერთ, უფრო ახალ ფაქტზე, რომელიც 7 იანვარს ლუჰამაას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გამოვლინდა.
ლიეტუვის 43 წლის მოქალაქე, რომელმაც გასული წლის განმავლობაში საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, რუსეთიდან ესტონეთში შესვლისას დააკავეს.
სატვირთო მანქანა, რომელსაც მამაკაცი მართავდა, შესამოწმებლად გაიგზავნა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ მანქანის ბამპერში მოწყობილ სამალავში 11 600 ღერი NZ Gold-ის მარკის სიგარეტი იყო მოთავსებული. კიდევ 2 400 ღერი სიგარეტი კაბინაში არსებულ პანელში იყო დამალული.
სატვირთო მანქანის მძღოლს კონტრაბანდული სიგარეტი ჩამოართვეს, გარდა ამისა, ის 1 400 ევროთი დაჯარიმდა.
წყარო: 1 არხი