პირენეის ნახევარკუნძულზე, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 12 საათზე, ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა მოხდა. შემთხვევა შეეხო როგორც ესპანეთს, ასევე პორტუგალიას. შეფერხებები დაფიქსირდა ანდორაში და საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონებშიც.
გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებას ესპანეთის სხვადასხვა სამინისტროს ტექნიკური ჯგუფები ატარებენ. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემას შესაძლოა კიბერთავდასხმას გამოეწვია. ამ მიმართულებით კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუტი (INCIBE) მუშაობს.
ელექტროსისტემების ოპერატორმა Red Eléctrica de España-მ განაცხადა, რომ მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ელექტრომომარაგების ნაწილობრივ აღდგენაზე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში. მათივე ცნობით, გათიშვის მომენტში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 25 184 მგვტ-ს შეადგენდა, თუმცა იგი მოულოდნელად 12 425 მგვტ-მდე დაეცა.
მასობრივმა გათიშვამ მნიშვნელოვნად დააზარალა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. მადრიდში შეწყდა მეტროსა და გარეუბნის მატარებლების მუშაობა, ხოლო ესპანეთის რკინიგზამ Adif-მა გადაადგილება მთლიანად გააჩერა. ლისაბონის აეროპორტში ელექტრომომარაგების გათიშვამ ქაოსი გამოიწვია ათასობით მგზავრისთვის. Euronews-ის ცნობით, ერთ-ერთ მიზეზად სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მომხდარი ხანძარი სახელდება, რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. კანარისა და ბალეარის კუნძულები გათიშვას გადაურჩა. მათი ენერგოსისტემები იზოლირებულია და დამოუკიდებლად მუშაობს.