პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა, კევი როჯეკმა ცოტა ხნის წინ პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს, საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ არის აქტიური დანაშაულის ადგილი“, – განაცხადა როჯეკმა.

მისივე თქმით, პირს, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა და მისი იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. ასევე, ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი.

„ეფბიაის“ აგენტები, კრიმინალისტები და სხვა პერსონალი მთელი ქვეყნიდან გაგზავნილი არიან პენსილვანიაში.

შეგახსენებთ, პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია. ესაა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გარდაიცვალა შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, კიდევ ერთმა დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება რესუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს, ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ადგილზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ყურში დაიჭრა.