გერმანია გადამწყვეტი გამოწვევის წინაშეა, ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იაფ რუსულ გაზსა და ჩინეთში ექსპორტზე იყო დამოკიდებული, რთულ ვითარებაშია.
ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეალური ფინანსური ზრდა არ დაფიქსირებულა, რაც ბიზნესის წარმომადგენლებსა თუ მოქალაქეებს მომავლის მიმართ შიშებს უჩენს.
არჩევნები, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება, გადამწყვეტი იქნება ახალი სტრატეგიის დასაგეგმად და ქვეყნის გამოსაცოცხლებლად.
„ბოლო 75 წლის განმავლობაში გერმანია დაფუძნებული იყო კონსენსუსზე, სტაბილურობაზე, კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმზე პოლიტიკურ სისტემაში, რაც სწრაფ ცვლილებებს ძალიან ართულებს. ჩვენ უნდა შევიცვალოთ აზროვნება და გავიაზროთ, რომ ეკონომიკური ტრანსფორმაცია ბევრად სწრაფად უნდა მოხდეს. ავტომობილების სექტორის მაგალითი ავიღოთ და ელექტრომობილების მიმართულებით ცვლილებები. გერმანული კომპანიები ამ პროცესში ძალიან ნელა მოქმედებდნენ. მათ ისარგებლეს 2010-იანი წლების წარმატებით, შემდეგ კი დააგვიანეს. ცვლილება და ადაპტაცია აუცილებელია.“ – განაცხადა გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა მარსელ ფრაჩერმა.
გერმანიის ეკონომიკური ვარდნის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს.
ზედმეტი ბიუროკრატია, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ახალი ტექნოლოგიების ნელი ათვისება და ამჟამინდელი კოალიციური მთავრობის არაეფექტური ხელმძღვანელობა მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია.
გარდა ამისა, გერმანიის ეკონომიკაზე გარე ფაქტორებმაც მოახდინეს გავლენა. ჩინეთისგან მზარდი კონკურენცია და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაზრდილი ენერგორესურსების ფასებმა გერმანული კომპანიების პოზიციები შეასუსტა.
ენერგიის გაძვირებულმა ტარიფმა გერმანული ინდუსტრიები ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადა. ამავდროულად, სახელმწიფო სუბსიდიებით ხელშეწყობილი ჩინური მწარმოებლების გამო, მცირდება მოთხოვნა გერმანულ მანქანებსა და აღჭურვილობაზე.
ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეკონომიკის აღსადგენად, აუცილებელია ინფრასტრუქტურასა და განათლებაში მეტ ინვესტიცია.
ამ გამოწვევების ფონზე, მომავალი მთავრობისთვის პრიორიტეტი მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი უნდა იყოს, ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
წყარო: euronews georgia