მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა შვედურმა Electrolux-მა, 2023 წლის მეორე კვარტალში მოულოდნელად წმინდა ზარალი აღმოაჩნდა და გამოაცხადა, რომ უახლოეს წლებში, შესაძლოა, Zanussi-ს ბრენდი და სხვა არაძირითადი აქტივები გაყიდოს, რომელთა საერთო ღირებულება საერთო ჯამში დაახლოებით $973,3 მილიონია.
კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წმინდა ზარალმა აპრილ-ივნისში 648 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 257 მილიონი კრონის მოგებასთან შედარებით.
ზარალი გამოწვეული იყო კომპანიისთვის 643 მილიონი კრონის ერთჯერადი ჩამოწერით, ასევე გაყიდვების ვარდნით, სავალუტო კურსის უარყოფითი ზემოქმედებით, ენერგიის ფასების ზრდითა და სხვა ხარჯებით.
Electrolux-ის კვარტალური შემოსავალი 3,2%-ით შემცირდა და 32,65 მილიარდი კრონა შეადგინა. ანალიტიკოსთა კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც თავად კომპანიის მიერ იყო მოწოდებული, 34,05 მილიარდი კრონის მაჩვენებელს ითვალისწინებდა.
კომპანიის მენეჯმენტი მის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას ელოდება მსოფლიოს ყველა რეგიონში.
„მსგავს რთულ დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პორტფელის სტრატეგიული მენეჯმენტის გაგრძელება. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ ბიზნესის სტრუქტურის შემდგომ გამარტივებას,“ - განაცხადა Electrolux-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იონას სამუელსონმა.
ხუთშაბათს სტოკჰოლმში ვაჭრობისას Electrolux-ის აქციები 11.4%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 3,4%-ით, 41,4 მილიარდ კრონამდე, შემცირდა.