დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უნივერსიტეტებს ახალი მემორანდუმი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარკვეული ტიპის სტაჟირებაზე სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვა იგეგმება.

24 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტუდენტებისა და გაცვლითი ვიზიტორების პროგრამამ (SEVP) დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტები სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სამუშაოზე ნებართვებს შესაბამისი რეგულაციების დარღვევით გასცემდნენ.

მემორანდუმის მიხედვით, წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში უნივერსიტეტებმა, შესაძლოა, უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება დაკარგონ.

ახალი მითითებების გამო ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესისა და ბერკლის კამპუსებმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარკვეული სამუშაო ნებართვების განაცხადების დამუშავება დროებით შეაჩერეს. ბერკლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის განცხადებით, შესაძლოა, გარკვეული ტიპის განაცხადების დამუშავება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდეს.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციები არ შეცვლილა, თუმცა უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს აფრთხილებენ, რომ პროგრამის ბოროტად გამოყენება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აღარ იქნება დაშვებული.

1tv.ge