დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან აშშ-ის წინადადებაზე პასუხს დღეს მიიღებს.

„როგორც ჩანს, წერილს დღეს საღამოს მივიღებ, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ „არაფერი მოხდება, მაშინ შესაძლოა „პროექტი თავისუფლება“ განახლდეს“.

ამასთან, გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდეს.

გამოცემის წყაროების განცხადებით, მხარეები 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმზე მუშაობენ, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და 30-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, მთავარი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რამაც, შესაძლოა, მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვიოს.

www.interpressnews.ge