რუსეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებს განაგრძობს. მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსი 97,017 რუბლამდე გაიზარდა, რაც 1,3 რუბლით მეტია, ვიდრე პარასკევს ვაჭრობის დახურვისას იყო. ბოლოს დოლარი 97 რუბლზე მეტი 2022 წლის 25 მარტს ღირდა.

Forbes-ის ინფორმაციით, ევრომაც მიაღწია ახალ მაქსიმუმს 16 თვის თავზე და გაიზარდა 106,6 რუბლამდე.

ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების ფონზე, გასულ თვეს რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით, 8.5%-იან ნიშნულამდე გაეზარდა. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს, გარკვეულწილად, აფერხებს.

„მიმდინარე კურსის ახსნა ფუნდამენტურად რთულია - ივნისში უკვე იყო ბიუჯეტის პროფიციტი, ივლისში ალბათ იგივე იქნება და ნავთობი უკვე აღმავალ ტრენდშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო ბალანსი მალე უნდა გაუმჯობესდეს“, - ამბობს BCS Express ექსპერტი მიხაილ ზელცერი.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, რუბლი ახლა არანორმალურად იაფია. 

„რუბლის გაუფასურების მიზეზები იგივეა, რაც ადრე - იმპორტის ზრდა და კაპიტალის გადინება, რაც სტიმულირდება დაბალი საკვანძო განაკვეთით და ზედმეტად სუსტი საბიუჯეტო პოლიტიკით“, - განუცხადა Forbes-ს Bloomberg Economics-ის ეკონომისტმა ალექსანდრე ისაკოვმა.

ისაკოვის თქმით, თუ ხელისუფლებამ მიაწოდა სიგნალი, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ბიუჯეტის ხარჯების გაზრდის ზეგავლენით ფასებზე და, საბოლოო ჯამში, გაცვლით კურსზე, რუბლი შეიძლება წლის ბოლოსთვის დაუბრუნდეს ძველ მაჩვენებლებს, დოლართან მიმართებით 85-90-იან დიაპაზონს.