დიდი ბრიტანეთი გეგმავს 2029 წელს აქტიური ნარჩენების მოცილების (UK ADR) მისიის გაშვებას ორბიტიდან გამოთიშული თანამგზავრების მოსაშორებლად. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტის ცნობით, ამისთვის 60 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი გამოიყოფა.

2029 წელს ქვეყანა ორბიტაზე კოსმოსურ ხომალდს გაუშვებს, რომელიც გამოთიშულ თანამგზავრებს შეაგროვებს და ატმოსფეროში დააბრუნებს, სადაც კოსმოსური ნარჩენები ბუნებრივად დაიწვება. კოსმოსური ხომალდით 2032 წლისთვის ორი არაოპერაციული თანამგზავრის ამოღება იგეგმება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს მისია მსოფლიოში პირველ მისიად შეაფასა, რომლის დროსაც ერთი მოწყობილობა ერთდროულად რამდენიმე თანამგზავრს გაანადგურებს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, მისია ხელს შეუწყობს ოპერატიული თანამგზავრების დაცვას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციებს, ამინდის პროგნოზს და უსაფრთხოებას.

NASA-ს 2026 წლის მონაცემებით, კოსმოსური ნარჩენების საერთო წონა დაახლოებით 17 ათას ტონად არის შეფასებული.