როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექთნები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჯანდაცვის სისტემაში და საქართველოში უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს ექთნის პროფესიას.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე მუშაობს და ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ჯანდაცვის პერსონალის გაძლიერება წარმოადგენს.

"ექთნების განვითარებაში ჩადებული ძალისხმევა, საზოგადოებაზე დაფუძნებული მოდელების გაძლიერება ჯანმრთელი ოჯახების, ძლიერი ჯანდაცვის სისტემებისა და მდგრადი საზოგადოების საწინდარია,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში საექთნო და მეანი ექთნების საქმიანობის მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, 2024 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, ექთნისა და მეანი ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრა. ასევე, კანონით დადგინდა საბაკალავრო, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ექთნების დეფიციტი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. მიზეზად სფეროს წარმომადგენლები დაბალ ანაზღაურებას და ამ პროფესიის ნაკლებ მიმზიდველობას ასახელებენ.

წყარო: jandacva.ge