გასულ კვირაში, შვეიცარიის სამთო კურორტი დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. მას პოლიტიკის, ბიზნესისა და მეცნიერების სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი დაესწრო ფორუმზე ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იყო.

როგორ გავლენას ჰქონდა აშშ წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე?

გავლენა თვალშისაცემია თემატურ საკითხებში. ის ფორუმზე დონალდ ტრამპის უშუალო დასწრებაშიც გამოიხატება, რადგან მისი პერსონა დამსწრე საზოგადოებაზე მაგნიტივით მოქმედებს. გარდა ამისა, ტრამპს თან ახლდა მაღალი რანგის დელეგაცია, რომელშიც ხუთი მინისტრი შედის. როგორც ყოველ წელს, ფორუმს ამჯერადაც დაესწრო ამერიკელი კანონმდებლები, გუბერნატორები და უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები. წელს დავოსი „პატარა ამერიკად“ გადაიქცა.

რომელი თემები იყო წინა პლანზე?

ბოლო დღეებისა და საათების დინამიკიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა გრენლანდიის საკითხზე და, შესაბამისად - ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. დონალდ ტრამპმა დავოსში არა მხოლოდ „მიღება გამართა“, არამედ გაარძელა საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების დაცვა. მას დაუპირისპირდდნენ ევროპის მთავრობების მეთაურები და კანადის პრემიერ-მინისტრი, თუმცა, საკამათოა, რამდენად ერთიანი და ძლიერი ოყო ეს წინააღმდეგობა, განსაკუთრებით აშშ-ის უახლესი მუქარის ფონზე, რომელიც ევროპულ საქონელზე ტარიფების გაზრდას ეხება.

კიდევ რა თემები განიხილეს დავოსში?

წელს დომინანტური იყო ისეთი გლობალური პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა მიმდინარე მოვლენები ირანში და სიტუაცია უკრაინაში. ეკონომიკური საკითხები,როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე პლანზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო დავა აშშ-სა და ჩინეთს შორის, ისევე როგორც ევროპასთან, კვლავ მწვავედ დგას. გასული წლის მსგავსად, ყურადღება გამახვილდა ხელოვნურ ინტელექტზე.

რა როლი შეასრულა WEF-ის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, გასულ წელს ხელმძღვანელობიდან ჩამოშორების შემდეგ?

დავოსის ფორუმის დაარსების დღიდან პირველად, კლაუს შვაბი ამ უდიდეს საერთაშორისო თავყრილობაში არანაირ როლს აღარ ასრულებს. ის არც ღონისძიებას ესწრო და არც საჯარო გამოსვლები გაუმართავს. არც მისი ცხოვრებისეული ღვაწლისადმი მიძღვნილი ცერემონია გამართულა. მოკლედ რომ ვთქვათ, კლაუს შვაბი, როგორც ამ ღონისძიების განმსაზღვრელი ფიგურა, მთლიანად იგნორირებული იყო.

ნიშნავს თუ არა ეს შვაბის ეპოქის დასასრულს?

დიახ. ამის საფუძველი გასული წლის გაზაფხულზე, ანონიმური ბრალდებების გამო, ლიდერობიდან მისი ჩამოშორება გახდა. ბრალდებები შეეხებოდა შვაბის გამდიდრებას და მისი, როგორც ხელმძღვანელი პირისთვის, მიუღებელ ქცევას. თუმცა, გამოძიებამ, რომელიც WEF-ის ახალმა ხელმძღვანელობამ - ლარი ფინკმა და ანდრე ჰოფმანმა - დაუკვეთა, დაასკვნა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. ამით, ფაქტობრივად, მოხდა კლაუს შვაბის რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა, ის WEF-ის დიდ სცენაზე არ ბრუნდება, თუნდაც ოფიციალური, ღირსეული გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის. ამის მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის: WEF-დან და კლაუს შვაბის წრიდან გამოსული ხმების თანახმად, მისი არგამოჩენა გასულ ზაფხულს მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

როგორ იმოქმედებს შვაბის წასვლა WEF-ზე?

ჯერჯერობით რაიმე გავლენა არ შეინიშნება. ეს, ნაწილობრივ, იმითაა განპირობებული, რომ ღონისძიების პროგრამასა და ორგანიზებას, წლების განმავლობაში, მენეჯმენტის გუნდი უძღვებოდა. თუმცა, კლაუს შვაბის უზარმაზარი კავშირების წყალობით, WEF ყოველთვის იზიდავდა უმაღლესი დონის მონაწილეებს. ახალმა ხელმძღვანელობამ წელს უნდა დაამტკიცოს, რომ იგივეს გაკეთება მასაც შეუძლია.

წყარო:  1 არხი