შავთვალება ჯუნკო (Junco hyemalis) ბეღურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ეს სახეობა, როგორც წესი, ქალაქებში არ გვხვდება და ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილშია გავრცელებული. თუმცა, რადგან კლიმატურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა მათ ჰაბიტატებზე, ფრინველებმა სამხრეთ კალიფორნიის უფრო ურბანულ გარემოში დასახლება დაიწყეს.
ქალაქში მცხოვრებ ფრინველებს უფრო მოკლე და უხეში ნისკარტები აქვთ, რაც მკვეთრად განსხვავდება მთის ფრინველების გრძელი ნისკარტებისგან. თუმცა, როდესაც კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მათ კამპუსში ბინადარი ფრინველების შესახებ მონაცემებს გადახედეს, უცნაური რამ შენიშნეს:
-
Covid-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, 2021 და 2022 წლებში გამოჩეკილ ფრინველებს უფრო გრძელი ნისკარტები ჰქონდათ. როცა პანდემიის შეზღუდვები შემსუბუქდა და სტუდენტები ლექციებს დაუბრუნდნენ, 2023 და 2024 წლებში გამოჩეკილ ფრინველებს ნისკარტები კვლავ დაუმოკლდათ.

„ჩვენ ამას ევოლუციას ნელ პროცესად აღვიქვამთ“, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დიამანტმა - "ვფიქრობდით, რომ ეს, ალბათ, ძალიან მოკლე დრო იქნებოდა პოპულაციის ცვლილების დასანახად... ამიტომ, მონაცემების გადახედვისას ნამდვილად გაკვირვებულები დავრჩით... როდესაც წლიდან წლამდე შედარება გავაკეთე, საოცარი იყო, თუ რამდენად მკვეთრი იყო ცვლილება“.
ავტორები ფრინველების სისხლიდან გენეტიკური ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობენ, რათა დაადგინონ, ნისკარტის ცვლილებები გენეტიკური ცვლილებების შედეგია თუ არა.

- სწრაფი ევოლუცია
ჩარლზ დარვინმა ევოლუციის თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულებები 1835 წელს აღმოაჩინა, როდესაც შენიშნა, რომ ეკვადორის სანაპიროსთან, გალაპაგოსის კუნძულებზე მცხოვრებ სკვინჩებს სხვადასხვა ფორმის ნისკარტი ჰქონდათ, რაც მათ განსხვავებულ საკვების წყაროს შეესაბამებოდა. მოგვიანებით, 1970-იან წლებში, ამ კუნძულებზე მცხოვრებ სკვინჩებს გვალვის შედეგად სწრაფი ევოლუცია აღენიშნებოდათ. გვალვის დროს უფრო დიდი ნისკარტის მქონე ფრინველები წარმატებულები იყვნენ გადარჩენაში, რადგან მათ შეეძლოთ მშრალ მიწაზე ნაპოვნი უფრო მაგარი თესლის ჭამა. ბუნებრივი გადარჩევის, ხელსაყრელი თვისებების გადაცემის პროცესის შედეგად, შემდეგ თაობას უფრო დიდი ნისკარტი ჰქონდა.