დასავლეთი რუსეთისთვის იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებას განაგრძობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fair Play-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთს კრიტიკული მნიშვნელობის კომპონენტები თორმეტმა ქვეყანამ მიაწოდა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ.

„სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნებიც კი დღემდე აწვდიან რუსეთს მოწყობილობებსა და კრიტიკულ კომპონენტებს. ჩვენმა ექსპერტებმა რუსულ რაკეტებსა და დრონებში ეს კომპონენტები არაერთხელ აღმოაჩინეს. მხოლოდ გასულ წელს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა 12 ქვეყნიდან მიიღო კომპონენტები, მათ შორის ჩინეთიდან, ტაივანიდან, კორეიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და შეერთებული შტატებიდან. ჩვენთვის ცნობილია 2026 წლისთვის დადებული კონტრაქტების შესახებაც. ეს უნდა შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.