2021 წელს დანიელმა მხატვარმა იენს ჰაანინგმა დანიაში მდებარე კუნსტენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ცარიელი ტილოები 75 000$-ად მიყიდა. სანაცვლოდ კი შექმნა ნამუშევრები სახელწოდებით „აიღე ფული და გაიქეცი". ახლა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მხატვარმა თანხა რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნოს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
იენს ჰაანინგი ფულის დაბრუნებას არ აპირებს და ამბობს, რომ ეს ქურდობა არ არის, ეს კონტრაქტის დარღვევაა.
„ნამუშევრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფული ავიღე. ეს ქურდობა არაა. ეს კონტრაქტის დარღვევაა. მე ხელოვნების ნიმუში შევქმენი, რომელიც 10-ჯერ ან 100-ჯერ უკეთესია იმაზე, რასაც თავდაპირველად ვგეგმავდი. რა პრობლემაა? იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემსავით საშინელი სამუშაო პირობები აქვთ, იმავეს ვურჩევ", - აცხადებს მხატვარი.
გამოფენა, რომლისთვისაც ჰაანინგს 2 ტილო უნდა შეექმნა, ფულსა და ხელოვნებას შორის ურთიერთობას ეძღვნებოდა. მუზეუმმა მას სთხოვა, იმ ნამუშევრების ანალოგები წარმოედგინა, რომლებიც მან 2007-სა და 2011 წელს შექმნა, როცა ცარიელ ჩარჩოში ბანკნოტები მოათავსა, რაც დანიისა და ავსტრიის მოქალაქეთა საშუალო ხელფასს წარმოაჩენდა. იმ პერიოდისათვის ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა