დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების აღსრულების სამსახურმა Citibank-ის ლონდონის ფილიალს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის 4.73 მილიონი ფუნტი სტერლინგის, დაახლოებით 6.35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
უწყების განცხადებით, ბანკმა სანქცირებული პირებისთვის ფულად სახსრებზე წვდომის უზრუნველყოფით სანქციების რეჟიმი დაარღვია. ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება 11 აგვისტოს მიიღეს.
გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე Citibank-ის ლონდონის ფილიალმა სანქციების დარღვევით დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების 970 გადარიცხვა განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების აღსრულების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ტრანზაქციები სანქცირებული პირებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას უკავშირდებოდა.