ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 23 თებერვალს ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელი "წარმოუდგენელი" ძალით გასცემს პასუხს, თუკი ირანის რეჟიმი ისრაელზე თავდასხმას წამოიწყებს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი "ძალზე რთული და გამოწვევებით სავსე დღეების" წინაშე დგას და დაამატა, რომ ისრაელი ყველა სცენარისთვის არის მზად.

"ჩვენ ფხიზლად და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. აიათოლას რეჟიმს მკაფიოდ ვუთხარი, რომ თუკი ისინი, ალბათ, თავიანთ ისტორიაში ყველაზე მძიმე შეცდომას დაუშვებენ და ისრაელს დაესხმებიან თავს, ჩვენ მათ პასუხს გავცემთ ისეთი ძალით, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ." - თქვა მან.

ამას გარდა, ისრაელის პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას.

"მილიონობით ისრაელის მოქალაქის დაცვასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. აშშ-სთან ალიანსი ასე ახლოს არ ყოფილა, მათ შორის, კავშირი ჩვენს უსაფრთხოებისა და მათ სადაზვერვო სააგენტოებს შორის." - დაამატა მან.

"ასეთ დღეებში, პურიმის წინ, ხალხის რიგები უნდა შემჭიდროვდეს, მხარდამხარ დგომით. მე ვენდობი ჩვენს მეთაურებსა და მებრძოლებს. ვენდობი ჩვენს ხალხს და გენდობით თქვენ, ისრაელის მოქალაქეებს." - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.