15 ნოემბერს ჩინეთმა საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში არ ჩასვლისკენ მოუწოდა და ტოკიოს "გამანადგურებელი" მარცხით დაემუქრა, თუ ტაივანის გამო იაპონიის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება მოხდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ძიანგ პინმა ტაკაიჩის სიტყვებს უკიდურესად უპასუხისმგებლო და სახიფათო უწოდა.

"თუკი იაპონური მხარე ვერ გამოიტანს ისტორიიდან გაკვეთილებს და გარისკვას გაბედავს, ან ტაივანის საკითხში ჩასარევად ძალასაც გამოიყენებს, ის მხოლოდ გამანადგურებელ მარცხს განიცდის ფოლადის ნების მქონე სახალხო განმათავისუფლებელი არმიის წინაშე და მძიმე ფასს გადაიხდის." - განაცხადა ძიანგ პინმა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩინეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა ტაივანის შესახებ იაპონიის ახალი პრემიერმინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებას, რომელმაც მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, იაპონიამ პასუხის გასაცემად, შესაძლოა, საკუთარ თავდაცვის ძალებს მიმართოს.

7 ნოემბერს იაპონიის პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატმა ტაკაიჩის ჰკითხა, ტაივანთან დაკავშირებული რომელი გარემოებები ჩაითვლებოდა იაპონიისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხედ".

ტაკაიჩიმ უპასუხა, რომ "თუ საქმე ეხება საბრძოლო გემებსა და ძალის გამოყენებას, როგორადაც არ უნდა დაფიქრდეთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს ეგზისტენციალურ საფრთხედ".

ცნობისთვის, "ეგზისტენციალური საფრთხე" იაპონიის 2015 წლის უსაფრთხოების კანონში იურიდიული ტერმინია და გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა იაპონიისთვის სასიცოცხლო საფრთხედ მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში, იაპონიას საფრთხის საპასუხოდ თავისი თავდაცვის ძალების გამოყენების უფლება აქვს.

იაპონიის პრემიერის განცხადებამ მალევე პეკინის აღშფოთება გამოიწვია, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას "მიუღებელიც" უწოდა. ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩი დაიბარა და ტაკაიჩის სიტყვების გამო "მტკიცე პროტესტი" გამოხატა.

მომდევნო დღეს, 8 ნოემბერს, ოსაკაში ჩინეთის კონსულმა, სიუე ძიენმა X-ზე ტაკაიჩის განცხადებაზე სტატია გააზიარა და შემდეგი კომენტარი დაამატა: "ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა - უნდა მოვკვეთოთ ის ბინძური ყელი, რომელმაც უყოყმანოდ დაგვესხა თავს. მზად ხართ?", რაც იაპონიასა და მის საზღვრებს გარეთ ზოგიერთმა იაპონიის პრემიერის წინააღმდეგ თავის მოკვეთის მუქარად აღიქვა.

თავის მხრივ, ტოკიომ 15 ნოემბერს იაპონიაში ჩინეთის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა გავლენიანი ჩინელი დიპლომატის ონლაინ პოსტის გამო.

ხოლო იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიუეს განცხადების მიზანი "შეიძლება არ იყოს მკაფიოდ განსაზღვრული", ის "ძალიან უადგილოა".

tabula.ge