მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარამ გრენლანდიის ხელში ჩაგდებაზე ტრანსატლანტიკური ალიანსი თითქმის დაშლის ზღვარზე მიიყვანა, ევროკავშირის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან პატივისცემა მოითხოვეს.

ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა პოზიცია მოულოდნელად შეცვალა და ევროპული სახელმწიფოებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების ნაცვლად არქტიკული უსაფრთხოების გრძელვადიან შეთანხმებაზე შეაჩერა არჩევანი.

„გვჯერა, რომ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობები მეგობრული, პატივისცემაზე დაფუძნებული გზით უნდა იმართებოდეს“, — განაცხადა ხუთშაბათს, 22 იანვარს, საღამოს ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ. მანვე თქვა ისიც, რომ „ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ნებისმიერი სახის იძულებისგან დაიცავს საკუთარ თავს, წევრ სახელმწიფოებს, მოქალაქეებსა და კომპანიებს“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ ბლოკმა ტრამპის ტერიტორიული პრეტენზიების წინააღმდეგ წარმატებას „მტკიცე, არაესკალაციური და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთიანი“ პოზიციით მიაღწია.

„ცხადია, დღეს ბევრად უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე 24 საათის წინ ვიყავით. დღეს ჩვენი კოლექტიური სტრატეგიიდან დასკვნები გამოვიტანეთ. რა გავაკეთეთ? პირველ რიგში, გამოვხატეთ ერთმნიშვნელოვანი სოლიდარობა გრენლანდიისა და დანიის მიმართ. მეორე – მტკიცედ დავუდექით მხარში იმ ექვს წევრ სახელმწიფოს, რომელთაც ტარიფებით ემუქრებოდნენ. მესამე – ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ შეერთებულ შტატებთან დიალოგში სხვადასხვა დონეზე. ეს გავაკეთეთ მტკიცედ, მაგრამ არაესკალაციური მიდგომით. და მეოთხე – ჩვენ კარგად ვართ მომზადებული საპასუხო სავაჭრო ზომებითა და არასატარიფო ინსტრუმენტებით იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები დაწესდებოდა. რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვიმოქმედეთ ოთხი ძირითადი პრინციპით – სიმტკიცე, ჩართულობა, მზადყოფნა და ერთიანობა. და ეს ეფექტიანი აღმოჩნდა, ამიტომ მომავალშიც სწორედ ეს მიდგომა უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ევროკავშირი და შეერთებული შტატები დიდი ხანია პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ჩვენ ავაშენეთ ისტორიულად ჩამოყალიბებული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, რომელიც ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ემსახურება. გვწამს, რომ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობები გულთბილი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული უნდა იყოს.

ევროპასა და შეერთებულ შტატებს საერთო ინტერესი აქვთ არქტიკის რეგიონის უსაფრთხოების საკითხში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის გზით. ამასთან, ევროკავშირი ამ რეგიონში უფრო ძლიერ როლს შეასრულებს. ამ კონტექსტში მსურს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო:

დანიის სამეფოსა და გრენლანდიას აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. მხოლოდ დანიის სამეფოსა და გრენლანდიას აქვთ უფლება, გადაწყვიტონ დანიისა და გრენლანდიის საკითხები. ეს ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ. ეს პრინციპები მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ისე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქმედებების გზამკვლევი. ამ ფონზე, გუშინდელი განცხადება, რომ შეერთებული შტატები ევროპაზე ახალ ტარიფებს არ დააწესებს, პოზიტიურია. დამატებითი ტარიფების დაწესება შეუთავსებელი იქნებოდა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სავაჭრო შეთანხმებასთან.

ჩვენი ყურადღება ახლა შეთანხმების განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული. მიზნად კვლავ სავაჭრო ურთიერთობების ეფექტიანი სტაბილიზაცია რჩება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს. ამავე დროს, ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დაცვას გააგრძელებს –  დაიცავს საკუთარ თავს, წევრ სახელმწიფოებს, მოქალაქეებსა და კომპანიებს ნებისმიერი სახის ზეწოლისგან“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ

ვიდრე დონალდ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლიდა, ევროკომისიამ ვაშინგტონისთვის პასუხის გასაცემად მზადება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუკი ტარიფების მუქარა რეალობად იქცეოდა, ბრიუსელის ვარიანტებს შორის აქამდე არასდროს გამოყენებული ეკონომიკური ზომის –  იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის ამოქმედებაც იყო.

მიუხედავად ყველაზე უარესი სცენარის თავიდან აცილებისა, კრიზისის შემდეგ ბრიუსელში შეკრებილ ევროპელ ლიდერებში აშკარად იგრძნობოდა შფოთვა და უნდობლობა. ის ფაქტი, რომ ჩარჩო შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია, ეჭვს აჩენს, რომ კუნძულთან დაკავშირებული დაპირისპირება შესაძლოა ჯერ არ დასრულებულა.

„ვრჩებით უკიდურესად ფხიზლად და საფრთხის შემთხვევაში ჩვენი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც აქამდე კოლექტიური პასუხის ფარგლებში იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის ამოქმედება საჯაროდ მოითხოვა.

„კმაყოფილი ვარ, რომ კვირის ესკალაციის ფორმით – შეჭრისა და ტარიფების დაწესების მუქარებით დაწყების შემდეგ დავბრუნდით მდგომარეობაში, რომელიც ჩემთვის გაცილებით მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ფხიზლად ვრჩებით. აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთია: როდესაც ევროპა ერთიანად რეაგირებს და საფრთხის პირობებში ხელთარსებულ ინსტრუმენტებს იყენებს, მას პატივს სცემენ. და ეს ძალიან კარგი რამაა. სწორედ ეს არის პოლიტიკა, რომლის გაგრძელებაც საფრანგეთსა და ევროპელებს სურთ. ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს ვდგავართ. გვინდა მშვიდი საერთაშორისო წესრიგი. და როდესაც გვემუქრებიან, ან როცა რომელიმე ჩვენგანი ზეწოლისა და შეზღუდვების წინაშე დგება, ბუნებრივია, სოლიდარობა ნორმალურია, რათა ჩვენს ხელთარსებული  ინსტრუმენტების გამოყენებით ჩვენდამი პატივისცემა უზრუნველყოფილი იყოს. სწორედ ეს მოხდა ამ კვირაში“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თეთრ სახლთან გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის მზადაა.

ხოლო კითხვაზე, შეუძლია თუ არა ტრამპის მუქარის შემდეგ კვლავ ენდოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფრედერიქსენმა უპასუხა, რომ მხარეებმა მუქარების გარეშე უნდა ითანამშრომლონ.

„როცა ევროპა გაყოფილი არ არის, როცა ერთად ვდგავართ – მკაფიოდ და ძლიერად – მათ შორის საკუთარი თავის დაცვის თვალსაზრისითაც, შედეგებიც აშკარაა. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში რაღაც მნიშვნელოვანი ვისწავლეთ და ახლა, რა თქმა უნდა, გამოსავლის პოვნა გვსურს. არსებობს ერთი საკითხი, რომელიც ნატოს უკავშირდება. ჩვენ ალიანსს ვთხოვეთ, უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი არქტიკის რეგიონში,  და ვფიქრობ, ამას ყველა ეთანხმება. როგორც არქტიკის სახელმწიფოები, ისე სხვა წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ გვჭირდება ნატოს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო. შემდეგ კი, უფრო ტრადიციული, პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით განვიხილავთ დანიის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს. თქვენ „წითელ ხაზებზე“ მკითხეთ, ისინი გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ამაზე მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია, რადგან ეს დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებების ნაწილია. თუმცა, ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაძლიერება შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისასა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. თუმცა მას არაერთხელ უთქვამს, რომ გრენლანდია ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების იქნება.

euronewsgeorgia.com