დიდ ბრიტანეთში 200 კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. კომპანიებში, რომლებმაც სამუშაო კვირა შეამცირეს, 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათ არსებული ხელფასი შეუნარჩუნდათ, წერს The Guardian.

ინიციატივას ყველაზე აქტიურად დაუჭირეს მხარი საქველმოქმედო, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს კომპანიებმა, განსაკუთრებით ლონდონში მოქმედმა ორგანიზაციებმა. ინიციატივის მხარდამჭერები, ხუთდღიან სამუშაო კვირას წარსულის გადმონაშთად მიიჩნევენ.

„9-დან 5 საათამდე ხუთდღიანი სამუშაო კვირა გამოიგონეს 100 წლის წინ და აღარ არის შესაფერისი დღევანდელობისთვის“, - თქვა ჯო რაილმა, 4 Day Week Foundation-ის დირექტორმა.

რაილი თვლის, რომ ახალი სამუშაო გრაფიკი მომგებიანია როგორც კომპანიებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. მისი თქმით, ოთხდღიანი კვირა საშუალებას აძლევს ადამიანებს იცხოვრონ „ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებით“.