ბრაზილიაში, ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა.
შემთხვევა გუშინ, 30 მაისს, მოხდა.
"ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადგილობრივი მედია წერს, რომ სასტუმრო, რომელშიც ქართველი ტურისტი იპოვეს, რიოში მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტუმროში ეჭვმიტანილთან ერთად შევიდა, რომელიც უკვე დაკავებულია.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ეჭვმიტანილმა ნომერი დატოვა, სასტუმროს თანამშრომელი ოთახის შესამოწმებლად შევიდა და 31 წლის კაცი საწოლში შეკრული და უკვე გარდაცვლილი დახვდა.