გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ნიუ-იორკისკენ მიმავალმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უჩვეულო მარშრუტი აირჩია.

შემოვლითი კურსი დიპლომატიურ დაძაბულობაზე მიუთითებს - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად, ნიუ-იორკისკენ უჩვეულო საჰაერო მარშრუტით იფრინა და ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეს თავი აარიდა.

საფრანგეთის დიპლომატიურმა წყარომ სააგენტო „ფრანს პრესს“ დაუდასტურა, რომ ოფიციალურმა პარიზმა დააკმაყოფილა ისრაელის მოთხოვნა საფრანგეთის საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე. მიუხედავად ამისა, ფრენების მონიტორინგის საჯარო მონაცემებით ჩანს, რომ ირაელის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა სხვა, უფრო სამხრეთით გამავალი მარშრუტით იფრინა.

ავარიული დაშვების შიში

რეალურ დროში ფრენების მონიტორინგის საიტის, Flightradar-ის რუკის მიხედვით, ისრაელის სამთავრობო თვითმფრინავმა „სიონის ფრთამ“ (Wing of Zion), თავდაპირველად, საბერძნეთის ტერიტორიას ათენის სამხრეთით გადაუფრინა, შემდეგ იტალიას - მესინასა და სარდინიასთან, - რის შემდეგაც გიბრალტარისკენ გაემართა და ნიუ იორკის მიმართულებით, ოკეანის გადაკვეთა დაიწყო.

ისრაელის პრესის ცნობით, „ბოინგ 767“-ის (სარეგისტრაციო ნომერი 43X-ISR) შემოვლითი კურსის მიზანი რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლის თავიდან არიდება იყო. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც, ავარიული დაშვების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულება შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში, ICC-მ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები ღაზის სექტორში ომის სავარაუდო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის გასცა.

იმუნიტეტის საკითხი?

ამ გახანგრძლივებულ ფრენაზე საწვავის დასაზოგად, თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი გაფრინდა. ისრაელის პრესის განმარტებით, შეერთებულ შტატებში დიპლომატიური ვიზიტისას, სწორედ ამიტომ არ ისურვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტები წაეყვანა, როგორც ამას ის სხვა დროს ყოველთვის აკეთს ხოლმე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამ ჩვეულებრივზე უფრო გრძელი მარშრუტით სარგებლობს: 2025 წლის თებერვალსა და აპრილში თელ-ავივსა და ვაშინგტონს შორის ფრენებიც მსგავსი მარშრუტით განხორციელდა. აპრილში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „იმუნიტეტი შეიძლება გავრცელდეს იმ სახელმწიფოებზეც, რომლებიც ICC-ის წევრები არ არიან“. ისრაელი კი სწორედ ასეთი ქვეყანაა. „ასეთი იმუნიტეტი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და სხვა მინისტრებზეც ვრცელდება, და ეს გარემოება მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, თუ ICC მათ დაკავებასა და გადაცემას მოგვთხოვს“, - განაცხადა მაშინ მაშინ საფრანგეთის საგარეო უწყებამ და ამით„საფრანგეთსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას“ გაუსვა ხაზი.

წყარო: 1tv.ge