ჯეტეს (ბრიუსელი) კომუნის გადაწყვეტილებით, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ პარკებზეც უნდა გავრცელდეს. ამას ჯეტეს მერი, კლერ ვანდევივერიც ადასტურებს.

1 იანვრიდან მოწევის აკრძალვა, ბელგიის მასშტაბით, ახალ საჯარო სივრცეებს შეეხო. მათ შორის არის ბავშვთა სათამაშო მოედნები, გასართობი პარკები, საავადმყოფოებისა და სკოლების შესასვლელ-გასასვლელები. „მოხერხებულობისა და თანმიმდევრულობისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს აკრძალვა ასევე გავრცელდეს ყველა საზოგადოებრივ პარკზე, რომელიც ხშირად მრავალფუნქციურია“, - განმარტავს ჯეტეს მერი.

კლერ ვანდევივერის თქმით, დამრღვევებს, თავდაპირველად, ჯარიმები არ დაუწესდებათ. „პირველ ეტაპზე, ჩვენ საინფორმაციო პანელებს დავამონტაჟებთ და ინფორმირების დონის ამაღლებას შევეცდებით“, - აღნიშნა მან.

პასიური მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა

ჯეტის კომუნაში სურთ, პასიურ მოწევასაც ებრძოლონ. ეს, ყველაზე მეტად, პარკებსა და სკოლებს ეხება და ბავშვების დაცვას ისახავს მიზნად. „მნიშვნელოვანია მაგალითის მიცემა და კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მრავალი წლის წინ, ხალხი ეწეოდა საკლასო ოთახებში, რესტორნებში, კაფეებში - ერთი სიტყვით, ყველგან. სიგარეტის მოწევა ნორმა იყო, არამწეველები კი პირიქით - საერთო ნორმიდან ამოვარდნილები ჩანდნენ. ახლა, ჩვენ მთლიანად ვცვლით ამ სურათს. საუბარია არამწეველთა ადგილების ნორმად გადაქცევაზე“, -ამბობს ჯეტეს კომუნის მრჩეველი სკოლებისა და საქალაქო პარკების საკითხებში, ტომას ნაესენსი.

ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც სიგარეტზე, ასევე ვაპორაიზერზე.

წყარო: 1 არხი