კომპანიის განცხადების მიუხედავად, რომ შეაჩერებდა ალკოჰოლის ექსპორტს რუსეთში და გაყინავდა სარეკლამო ინვესტიციებს, გასულ წელს ალკოჰოლის მწარმოებელი Bacardi-ის რუსული შვილობილი კომპანიის მოგება სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ The Bell-ი წერს.
2021 წელთან შედარებით, Bacardi Rus-ის შვილობილი კომპანიის ძირითადი აქტივების ღირებულება 57 მილიონი რუბლიდან 850 მილიონ რუბლამდე გაიზარდა. ფილიალის შემოსავალი 30,1 მილიარდი რუბლიდან 32,6 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგება სამჯერ - 1,5-დან თითქმის 4,7 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა.
Bacardi აგრძელებს პროდუქციის მიწოდებას რუსეთში შვილობილი კომპანიის მეშვეობით. 24 თებერვლის შემდეგ, Bacardi Rus-მა ალკოჰოლური პროდუქტების იმპორტის ოთხი შესაბამისობის დეკლარაცია მიიღო.
რუსული ალკოჰოლის რეგულირების რეესტრის მიხედვით, ომის დაწყებიდან Bacardi Rus-მა 37 ახალი პროდუქტი დაარეგისტრირა, მათ შორის Martini ღვინოები და ვერმუტები, Bacardi და Banks რომები, Grey Goose არაყი, Bombay Sapphire ჯინი და შოტლანდიური ვისკის რამდენიმე ბრენდი: A. Craigellachie, Royal Brackla და Altmore.
Bacardi Rus-ის კომერციულმა ხარჯებმა, პრომოუშენის შეწყვეტის გეგმის მიუხედავად, გასულ წელს 6,7 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. ეს ოდნავ ნაკლებია, ერთი წლის წინანდელ (7,042 მილიარდი) თანხაზე. ინდუსტრიული მედიის ცნობით, კომპანია აგრძელებს მარკეტინგული ინვესტიციების განხორციელებას როგორც სასმელების, ასევე საცალო ვაჭრობის ადგილებში.