მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სტეპანაკერტში (დე ფაქტო დედაქალაქი) აფეთქებების ხმაა.
როგორც „ეხო კავკაზა“ წერს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი „მასიური დაბომბვების“ შესახებ იტყობინება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში ზუსტი იარაღის გამოყენებით ფრონტის ხაზზე და სიღრმეში მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები, საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
ბაქოს განცხადებით, „სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მწყობრიდან გამოჰყავთ, მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა არის სომხური შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან და „რეჟიმის“ დაშლა.“
„რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია მიმდინარე მოქმედებების შესახებ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნაღმი ტერორისტული მიზნებისთვის იყო ჩადებული სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში.