ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით წლიური ნავთობმიწოდების 2.2 მლნ ტონამდე გაზრდას მოელის. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ნურთლეუმ ასტანაში, აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რასაც Trend ავრცელებს.
„ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ერთობლივ შეთანხმებებს აზერბაიჯანის გავლით მსოფლიო ბაზარზე ყაზახური ენერგორესურსების მიწოდების შესახებ. გასულ წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.4 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტი განვახორციელეთ. სამომავლოდ იგეგმება, ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა წელიწადში 2.2 მლნ ტონამდე გაიზარდოს,” - აცხადებს ნურთლეუ.
მინისტრები ყაზახეთის ენერგორესურსების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას მიესალმნენ.
იანვარში ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დააანონსა, რომ წელს ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირების გეგმა 2024 წლის დონეზე დარჩება, როცა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 1.5 მლნ ტონაზე იყო გათვლილი. გასული წლის ბოლოს ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სათკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მარშრუტით ნავთობმიწოდების 1.5 მლნ ტონიდან 20 მლნ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
ბთჯ-ის მილსადენს ყაზახური ნავთობი, ძირითადად, Tengizchevroil-დან (TCO) მიეწოდებოდა, რასაც კაშაგანის საბადო დაემატა. მხოლოდ ამ საბადოდან სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი” (KazMunaiGas-KMG) წელს ბთჯ-ის მილსადენით 250 000 ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს. კომპანიამ 27 იანვარს აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში კაშაგანის ნავთობის პირველი პარტია ტანკერ Taraz-ით გაგზავნა, რომლის დედვეიტი ანუ სრული ტვირთამწეობა 6 980 ტონას შეადგენს.
ნავთობი აქტაუს პორტიდან კასპიის გავლით ბაქოს პორტში ტრანსპორტირდება, შემდეგ კი ბთჯ-ის მილსადენში გადაიქაჩება.
ცნობისთვის, ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1 768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
29 ნოემბერს ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება. გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია.
ახალი გარიგების გათვალისწინებით, ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).