ლეონარდო და ვინჩის დიზაინის მიხედვით შექმნილი საფრენი აპარატი შეიძლება ფუნქციონალური და გაცილებით ჩუმი ყოფილიყო, ვიდრე თანამედროვე დიზაინის დრონები.

ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა რაჯატ მიტალმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ და ვინჩის „საჰაერო ხრახნი“, რომელიც მან 1480 წელს სამხედრო ინჟინრად მუშაობისას წარმოადგინა, მაგრამ არასოდეს აგებულა ან შემოწმებულა — შეიძლება ნაკლებ ენერგიას საჭიროებდეს იმავე ოდენობის ამწევი ძალის წარმოსაქმნელად, რაც ჩვეულებრივი დრონის როტორს სჭირდება.

აპარატი ჰგავს არქიმედეს ხრახნს — სპირალური ფორმის ტუმბოს, რომელსაც ბრუნვისას წყალი გადააქვს. და ვინჩი წარმოიდგენდა, რომ მისი საჰაერო ხრახნის ენერგიის წყარო ადამიანები ყოფილიყვნენ, მაგრამ გამოწვევად რჩებოდა ის ფაქტი, რომ წონა მიწიდან აფრენას გაართულებდა. თუმცა, როტორის მაბრუნებელი მსუბუქი ელექტროძრავით მას მართლაც უნდა შეეძლოს ფრენა.

მიტალმა და მისმა ჯგუფმა ხრახნის სიმულაცია შექმნა და ის ქარის ვირტუალურ ტუნელში მოათავსა, რათა ენახათ, როგორ იმუშავებდა ის ადგილზე ლივლივისას; შეამოწმეს ბრუნვის სხვადასხვა სიჩქარეზე და შეადარეს თანამედროვე დრონების ორფრთიან როტორს.

ასე დაადგინეს, რომ საჰაერო ხრახნი იმავე ოდენობის ამწევ ძალას უნდა გამოიმუშავებდეს გაცილებით ნელა ბრუნვისას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოიხმარდეს ნაკლებ ენერგიას.

ვირტუალური ხრახნის გარშემო მოძრავი წნევისა და ქარის ნაკადის გაზომვით, მიტალმა და მისმა ჯგუფმა ასევე გამოიანგარიშა, რამდენ ხმაურს წარმოქმნიდა ის. ასე დაადგინეს, რომ ეს ხმაური უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამავე ამწევი ძალის მქონე ჩვეულებრივი დიზაინის დრონის მიერ წარმოქმნილი.

„გაკვირვებული დავრჩით. ვიფიქრეთ, რომ რადგან სპირალური ფორმა რაღაც გაგებით სრულიად შემთხვევითია, უპრიანი იქნებოდა, აეროდინამიკური წარმადობა იმდენად ცუდი ყოფილიყო, რომ ვერანაირი გაუმჯობესება ვერ მიგვეღო ჩვეულებრივი ფრთებით“, — ამბობს მიტალი.

ვრცლად პირველ არხზე