2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (11.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.2 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.5 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.6 პროცენტი).