"ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან" დაკავშირებულ დავას ერთი ძალიან საგულისხმო ასპექტი აქვს - ქალბატონ ნათია ჯანაშიას მხარე „საქართველოს განათლების ჯგუფთან“ დავას ბრიტანეთშიც აწარმოებს. საერთაშორისო იურისდიქციის ჩართვამ კი, ვფიქრობ, ამ საქმეს აშკარად შესძინა პოლიტიკური განზომილება, რადგან ლონდონში შეტანილი სარჩელი,შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტაციის კუთხით, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციული პოზიციის განსაზღვრისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კონტექსტში", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ რადიო "კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იკვეთება, რომ ქალბატონი ნათია ჯანაშია, ერთი მხრივ, საქართველოში მიმართავს შესაბამის პოლიტიკურ და სამართალდამცავ ორგანოებს სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით, ხოლო, მეორე მხრივ, ბრიტანეთის სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირდება, მათ შორის – ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსსა და შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე შესაძლო გავლენებს.
"აღნიშნული გარემოებები ბადებს კითხვებს პროცესუალური თანმიმდევრულობისა და არგუმენტაციის სტრატეგიის შესახებ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დავაში უპირატესობის მისაღწევად გამოყენებულია პოლიტიკური კონტექსტი, რაც გავლენას ახდენს როგორც სასამართლო პროცესის აღქმაზე, ისე მხარეთა პოზიციების შეფასებაზე.
ვერ ვხვდები, რა მიზანს ემსახურება დავის პოლიტიზება. აქსიომაა, ბიზნესდავის პოლიტიზება, როგორც პრაქტიკა, ფაქტობრივად არ ქმნის გრძელვადიან სარგებელს არც ერთი მხარისთვის. პირიქით - ეს არის პროცესი, რომელიც პირველ რიგში, აზიანებს იმ მხარეს, ვინც თავად იწყებს დავის პოლიტიკურ ველში გადატანას.
ეს საკმაოდ მარტივი ლოგიკითაც აიხსნება: როდესაც კომერციული ან კორპორაციული დავა გადადის პოლიტიკურ ან საჯარო-ემოციურ სივრცეში, იკარგება მისი სამართლებრივი შინაარსი და ხდება მისი აღქმის დეფორმაცია. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი აღარ ეფუძნება მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ უფრო მეტად — შეფასებებს, ინტერპრეტაციებსა და საზოგადოებრივ განწყობებს.
სწორედ ეს მიდგომა წარმოშობს მოცემულობას, რომ ნათია ჯანაშიას მხარის ნარატივი უფრო პოლიტიკურ-ინტერპრეტაციული განცხადებების ერთობლიობაა, ვიდრე სამართლებრივად გამყარებული პოზიცია
აქედან გამომდინარე, ასეთი მიდგომა, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფს დავის ეფექტურ გადაწყვეტას და ხშირად კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტს. პრაქტიკულად არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ბიზნესდავის პოლიტიზებას რეალური, პოზიტიური შედეგი მოეტანა თავად იმ მხარისთვის, ვინც ამ გზას ირჩევს.
პირიქით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის დამატებით რისკებს — მათ შორის რეპუტაციულს, ინვესტორთან ურთიერთობის კუთხით და ზოგადად ბიზნესის სტაბილურობის თვალსაზრისით", - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ.