აზერბაიჯანმა 25-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. მის ამ განცხადებას „როიტერსი“ ავრცელებს.

ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გაავრცელა ბაქოში, 16 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრ ბაირამოვის თქმით, USAID-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერეს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ USAID-ს ჯერ საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია.

„აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“, - ეუბნებოდა ბაქო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-სა და მის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში.

2023 წლის 22 ნოემბერს პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) გამოქვეყნებულ წერილში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა აშშ სომხეთის „სისხლიანი რეჟიმის გვერდით დგომაში“ დაადანაშაულა და სამანტა პაუერს მიმართა:

„ჩამოიხსენით ნიღაბი! აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“.

სამანტა პაუერი დიპლომატია, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 2013-17 წლებში გაეროში აშშ-ის ელჩი იყო, 2021 წლიდან კი USAID-ს ხელმძღვანელობს.

2023 წელსვე, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარება.

  • აშშ-ის „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექცია კრძალავს შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას;
  • 2001 წლიდან 2023 წლამდე შტატების ხელისუფლება ყოველწლიურად აუქმებდა ამ აკრძალვას, - რითაც ფაქტობრივად ეხმარებოდა აზერბაიჯანს.
  • 2023 და 2024 წლებში კი აკრძალვა ძალაში დატოვა. შედეგად აზერბაიჯანი დახმარებას ვერ იღებს.

USAID-თან კონტაქტები 2012 წელს გაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ.

განვითარების სააგენტოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც USAID-ს საქართველოში „არეულობისა და რევოლუციის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

2023 წლის ოქტომბერში სწორედ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში დაინახა „ოცნებამ“ ხელისუფლების „ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადება“ და 2023 წლის შემოდგომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა CANVAS-ის „ტრენინგების საქმის“ გამოძიებაც დაიწყო. ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ.

წყარო: რადიო თავისუფლება