ავსტრალიის მთავრობა 35 რუსულ ორგანიზაციას და რუსეთისა და ბელარუსის 10 მოქალაქეს ახალ სანქციებს უწესებს. შესაბამისი განცხადება ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა გააკეთა.

მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები დაწესებულია „თავდაცვის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სექტორის 35 საწარმოსა და რუსეთისა და ბელორუსიის 10 მოქალაქეზე“.

„ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციითაა მიღებული,  მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინოს იმ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უჭერენ მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში”, - აღნიშნა ვონგმა. 

საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ახალი სანქციების სიაში შედის კომპანიები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოწინავე ტექნოლოგიებს, ელექტრონიკას და აღჭურვილობას აწვდიან და ორგანიზაციები, რომლებიც ბირთვული ენერგიის წარმოებასა და არქტიკული რესურსების მოპოვებაში მონაწილეობენ.

გარდა ამისა, ფინანსური სანქციები დაუწესდა რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერ ანდრეი ბელუსოვს, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ჩერნიშენკოს, ადამიანის უფლებათა კომისარს ტატიანა მოსკალკოვას, ფედერაციის საბჭოს პირველ ვიცე-სპიკერს ანდრეი ტურჩაკს, ასევე კალაშნიკოვის კონცერნის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ ლეპინს და რუსეთის ფედერაციის ჰესების გენერალურ დირექტორს.