აშშ-ის ბაზარზე მეორადი ავტომობილების საშუალო ფასი 2023 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა
აშშ-ში მეორადი ავტომობილების საშუალო ფასი ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა. გაძვირების გამო მომხმარებლებისთვის ავტომობილის შეძენა სულ უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით კი ბიუჯეტურ სეგმენტში.
Cox Automotive-ის მონაცემებით, ივნისის ბოლოს ამერიკელი დილერების მარაგში 2.14 მილიონი მეორადი ავტომობილი იყო, რაც გაყიდვების დაახლოებით 47 დღის მარაგს შეესაბამება. მაჩვენებელი მაისთან შედარებით 1%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, თუმცა ბაზარზე ავტომობილების რაოდენობა კვლავ არასაკმარისია.
მეორადი ავტომობილის საშუალო გასაყიდმა ფასმა $27,027 შეადგინა. ეს წლიურად 6%-იანი ზრდაა და 2023 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. შედარებისთვის, თებერვალში საშუალო ფასი $25,207 იყო, აპრილსა და მაისში კი ბაზარზე მკვეთრი გაძვირება დაფიქსირდა.
ფასების ზრდა წლის დასაწყისში Manheim-ის აუქციონებზე საბითუმო ღირებულების მატებამ და ბაზარზე შედარებით ახალი ავტომობილების წილის გაზრდამ განაპირობა.
ივნისში აშშ-ში 1.376 მილიონი მეორადი ავტომობილი გაიყიდა. მაისში ეს მაჩვენებელი 1.449 მილიონი იყო, ხოლო მარტში — 1.634 მილიონი. მარტში ავტომობილის საშუალო ფასი დაახლოებით $25,369-ს შეადგენდა.
ბიუჯეტური ავტომობილების დეფიციტი იზრდება
ყველაზე რთული მდგომარეობა დაბალფასიან სეგმენტშია. $15,000-მდე ღირებულების ავტომობილების მარაგი ივნისში მხოლოდ 33 დღის გაყიდვებს შეესაბამებოდა, მაშინ როდესაც ბაზრის საერთო საშუალო მაჩვენებელი 47 დღეა.
ივნისში მეორადი ავტომობილების გაყიდვები წლიურად 1.6%-ით, ხოლო მაისთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა. ექსპერტების შეფასებით, გაყიდვების შენელება ზაფხულის დასაწყისისთვის დამახასიათებელ სეზონურ ტენდენციას შეესაბამება.