თეთრი სახლი რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას აკვირდება და რეაგირების ვარიანტებს აფასებს.
როგორც Axios-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია, თვალს ადევნებს განვითარებულ მოვლენებს და შესაძლო ნაბიჯებს განიხილავს.
საუბარია ირკუტსკის ანტიჭირის ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის გარდაცვალებაზე. ქალი 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.
ადგილობრივი და რუსული მედიის ცნობით, მას ლაბორატორიაში შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს ეს ვერსია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქალს „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა.
შემთხვევის შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოექცა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კი საკარანტინო ზომები დაწესდა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირკუტსკის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია.
ამასთან, რუსეთში გავრცელებული ცნობებით, შავი ჭირის შესახებ ზოგიერთი პუბლიკაცია და განცხადება მალევე წაიშალა.