დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 20-ზე მეტ მოკავშირე ქვეყანასთან ერთად უსაფრთხო 6G ქსელის განვითარების დაჩქარების მიზნით, გლობალურ პარტნიორობას დაიწყებს. ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა გამოცემა „პოლიტიკოს“ განუცხადეს.
ინიციატივაში მონაწილეობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, გერმანია და იაპონია. მისი მიზანია მთავრობების 6G სტრატეგიების კოორდინაცია იმ დრომდე, ვიდრე ეს ტექნოლოგია 2030-იან წლებში ეტაპობრივად 5G ქსელების ჩანაცვლებას დაიწყებს.
ინიციატივა ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნების მთავრობებს შორის საკონტაქტო მექანიზმების შექმნას, ტექნიკური რესურსების გაზიარებას და 6G ტექნოლოგიის კომერციული დანერგვისთვის საფუძვლის მომზადებას.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ინიციატივის მიზანია ჩინეთისა და ისეთი კომპანიების გლობალური გავლენის შემცირება, როგორიცაა Huawei და ZTE. ოფიციალური პირების შეფასებით, მოკავშირე ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტია საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტების ჩამოყალიბებისთვის მომავალი წლის მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციამდე, რომელიც შანხაიში გაიმართება და სადაც ქვეყნები უკაბელო ქსელების მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„დღევანდელი ინიციატივა აღიარებს, რომ 6G არსებითად განსხვავებული იქნება 5G-ისგან და რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ლიდერობის გასაძლიერებლად სრულიად განსხვავებული მიდგომაა საჭირო“, – ნათქვამია ინიციატივის ხელმძღვანელი უწყების, ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არიელ როთის განცხადებაში.
6G პარტნიორობის დამფუძნებელ მონაწილეთა სიაში შედიან ალბანეთი, ავსტრალია, კანადა, კოსტა-რიკა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.
ცნობისთვის, 6G უკაბელო კავშირის მომდევნო თაობაა, რომელსაც 5G-ზე გაცილებით მაღალი სიჩქარე ექნება. მისი დანერგვა 2030-იანი წლებიდან არის მოსალოდნელი.