ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნატო-ს 31-ვე წევრის თანხმობით მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანა ბლოკის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგული ვართ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბლოკის 31 წევრსა და წევრობის მსურველ ქვეყანას შორის.
„როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ჩვენ განვიხილავთ ნატო-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად მხარი დავუჭიროთ უკრაინის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. პრეზიდენტმა [ბაიდენმა] არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც ნატო-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, სანამ ისინი ალიანსს შეუერთდნენ. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.