აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი 21 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდნენ და განიხილეს საკითხები, როგორებიცაა ბაზარზე "სამართლიანი და ორმხრივი წვდომა" და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდის აუცილებლობა.
"დღეს შევხვდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის, რათა გვესაუბრა, თუ როგორ შეუძლია აშშ-პოლონეთის ურთიერთობას, უკეთ მოუტანოს სარგებელი ამერიკელ და პოლონელ ხალხს - განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბაზარზე სამართლიან და ორ მხრივ წვდომას. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების დაუყოვნებლივ ზრდის აუცილებლობა". - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრის შემდეგ X-ზე.
როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ესმოდა თუ არა მას უკრაინის შესახებ ვაშინგტონის მოლაპარაკებების ტაქტიკა, შიკორსკიმ უპასუხა, რომ შეკითხვა ამერიკული მხარისთვისაა, თუმცა მას "ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ აშშ-ს მდგრადი მშვიდობის [მიღწევა] სურს".
შიკორსკიმ არ გააკეთა კომენტარი შეკითხვაზე, თუ რა უთხრა რუბიომ მას საუდის არაბეთში გამართულ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე ომის შესახებ.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე გამოსულა მოწოდებით, გაეზარდათ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა თითქმის გააორმაგეს ასეთი ტიპის ხარჯები, ისინი საშუალოდ, NATO-ს რეკომენდაციის მიუხედავად მშპ-ს 2%-ის თავდაცვაში დახარჯვის შესახებ, მშპ-ს ამ ნიშნულზე ნაკლებ წილს ხარჯავენ.
NATO-ს წევრებიდან თავდაცვაში ყველაზე მეტს სწორედ პოლონეთი ხარჯავს. 2024 წელს პოლონეთმა დაახლოებით მშპ-ს 4.1% დახარჯა, როდესაც ალიანსის 32 წევრი კვლავ 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს.
ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ აშშ არ დაიცავს NATO-ს იმ წევრებს, რომლებიც თავდაცვაში საკმარისს არ დახარჯავენ.
წყარო: ტაბულა