ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა პირველად $32 ტრილიონს გადააჭარბა. ამას აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ მონაცემთა ბაზაში - გრაფაში „საერთო სახელმწიფო ვალი“, 16 ივნისის მდგომარეობით, $32,04 ტრილიონია მითითებული.
იანვარში აშშ-ის მთავრობის ვალის ზღვრული მაჩვენებელი $31,4 ტრილიონით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა, ფინანსური ოპერაციების გასაგრძელებლად, სასწრაფო ზომები გამოეყენებინა. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბოლო თვეების განმავლობაში კონგრესს ვალის ლიმიტის გაზრდისკენ მოუწოდებდა.
3 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ვალის ზღვრის გაზრდას ითვალისწინებდა.
ინიციატივა, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისისა და შეერთებული შტატების დაშლის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი, სენატმა 1-ელ ივნისს დაამტკიცა. 31 მაისს ეს გააკეთა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.
მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, რომ 2024 -ის ფისკალურ წელს $886 მილიარდი თავდაცვისთვის, $121 მილიარდი - ვეტერანთა ჯანდაცვისთვის და $637 მილიარდი - სხვა არათავდაცვითი პროგრამებისთვის გამოიყოფა.


